.

ლოთი ქობალია: იარაღს თუ არ ავისხამთ, ცხვირ–პირს დავამტვრევთ!

წინასაარჩევნო კამპანია სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონშიც დაიწყო. თბილისისგან განსხვავებით, ადგილობრივი პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე მეტს საუბრობენ. „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ გამგეობის წევრი ვახტანგ, იგივე ლოთი, ქობალია მთავრობას პარტიის წევრების დაშინების და მოქალაქეთა ტერორის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაერთიანებული ჯარების ყოფილი გენერალი სააკაშვილს ომის დაწყებით ემუქრება. 

ალიანსი „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სამეგრელოში ნონა თოლორაია „ახალ 7 დღესთან“ საუბრისას ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებასთან გარიგებაში სდებს ბრალს.

წინასაარჩევნო ასპარეზზე „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა, რომელიც ზეწოლაზე არაფერს ამბობს. პარტიის მესვეურები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს და მათი ოპონენტები არარეალურ ფაქტებზე საუბრით მოსახლეობის თვალში ქულების დაწერას ცდილობენ...

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ თვითმართველობის არჩევნებში საერთოდ რომ არ აქტიურობს, ამას თითოეული ზუგდიდელი დაადასტურებს. „კონსერვატიული“ პარტიის სამეგრელოს რეგიონული ბიურო კი, ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლის დაწყებას რატომღაც ჯერ არ ჩქარობს.

განსხავებული ვითარებაა ხობის მუნიციპალიტეტში. ეროვნული საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელდარ ცანავა პოლიციის უფროსს კობა ხუბულავას დაკავების მცდელობაში ადანაშაულბს. მისი თქმით, ხუბულავამ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა, კანდიდატურის მოხსნაზე ზეწოლის გზით დაეთანხმებინა.

ირინა ფილიპია, „სამართლიანი საქართველოსთვის“ ხობის ბიუროს უფროსი, ადგილობრივ ჩინოვნიკებს მათი პარტიის წევრების დაშინების შეწყვეტას ურჩევს. 

ოპოზიციური საზოგადოება მარტვილის რაიონში გუბერნატორ გოროზიას უპირისპირდება. მათი მტკიცებით, რწმუნებული უშუალოდ მონაწილეობს კანდიდატების დაშინებაში.

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ოპოზიციის დაშინების კიდევ ერთი შემთხვევა გახმაურდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, მისი მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის მაჟორიტარი კახა კვიციანი, შინაგან საქმეთა მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი და სამხარეო საფინანსო პოლიციის უფროსი გიორგი შედანია, პოლიციის შეიარაღებულ თანმშრომლებთან ერთად, მესტიის გამგეობაში შეიჭრნენ. მუნიციპალიტეტში ძალის გამოყენებით მიიყვანეს პარტია "თავისუფლების" მაჟორიტარი კანდიდატები: ვახტანგ და ლერი ნაკანები. ლერი ნაკანს ზეწოლის ქვეშ ხელი სპეციალურად გამზადებულ განცხადებაზე მოაწერინეს, რომლის თანახმადაც, ნაკანი უარს ამბობდა კანდიდატობაზე, ხოლო ვახტანგ ნაკანისგან ხელმოწერის მიღება ვერ მოასწრეს, რადგან ამ დროს კაბინეტში შესულმა ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მისი გამოყვანა შეძლეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პარტია „თავისუფლების“ წევრი ლერი ნაკანი ავრცელებს.

წინასაარჩევნო კამპანია შედარებით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს სენაკის, აბაშის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის რაიონებში და თვითმმართველ ქალაქ ფოთში.

ლაშა დამენია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ბიუროს უფროსი: „ ხელისუფლების მხრიდან ჩვენს პარტიაზე ზეწოლა არ ხდება (იცინის). ოპოზიციური პარტიების მხრიდან ზეწოლად კი ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ საზოგადოებას ატყუებენ. ამბობენ, თითქოს მათზე ვახდენთ ზეწოლას. ოპოზიცია ეწევა ფაქტების არასწორ კონსტრუირებას. მიმაჩნია, რომ ამ მეთოდით ცდილობენ, სათავო ოფისებში თავი იმართლონ.
ერთ–ერთ ადგილობრივ გაზეთში წავიკითხე ლოთი ქობალიას ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ საკრებულოში შეიყვანს 25 წევრს. არარეალურია. ჩვენ გავქვს გამოკითხვის შედეგები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი წააგებენ არჩევნებს. 

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას – მიმდინარეობს მშვიდად და მიზანმიმართულად. სოფლებში ჩვენი კანდიდატები შეხვედრებს მართავენ მოსახლეობასთან და აცნობენ კონკრეტული პრობლემების მოგვარების გეგმებს“.

ლოთი ქობალია, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“: საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს გვიშლის ხელისუფლება. ატერორებენ და კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ „სამართლიანი საქართველოსთვის“ წევრებს. მთავრობამ წამოიწყო სახიფათო თამაში და ვშიშობ, რომ უკან ძალიან ცუდად შეუბრუნდებათ ეს ყოველივე. ჩვენ უკვე აღარ ვაპირებთ, მოვითმინოთ ზეწოლა და შანტაჟი. ვქმნით ჯგუფებს და, თუ ხელისუფლება ხელს შეგვიშლის, საკუთარ თავს დააბრალონ! არ გამოვრიცხავ, რომ, თუ ასე გააგრძელეს, პირდაპირ დავაყენებთ ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნას და ეს არჩევნები აღარ გახდება საჭირო. სააკაშვილის ტერორისტი რწმუნებული სამეგრელოში უშუალოდ მონაწილეობს ჩვენი მომხრეების დაშინებაში. ჩემთვის ცნობილია ზაზა გოროზიას მუშაობის სტილი. მან მეც კი დამიბარა და კანდიდატურის მოხსნას მაიძულებდა. უარი ვუთხარი. ის კი მიმეორებდა, ხელისუფლებას ასე სჭირდება და უნდა დაგვემორჩილოო. გუბერნატორის დავალებით, ოპოზიციის დაშინებაში მონაწილეობენ პოლიციის უფროსები და საჯარო სამსახურების თანამშრომლები.

მე, ლოთი ქობალია, ვაცხადებ, რომ ხელისუფლება ყველა პროვოკაციაზე მიიღებს პასუხს! ალბათ გახსოვთ, არ მოვუთმინე შევარდნაძეს, თავზე რომ წამოგვაჯდა, ამიტომ გამოვუცხადე ომი. ახლა მაიძულებენ, ისევ ისე მოვიქცე. ირაღს თუ არ ავისხამთ, ცხვირ–პირის მტვრევას მაინც დავიწყებთ!“.

ლუიზა თევზაძე, ეროვნული საბჭო: „უშუალოდ გუბერნატორი გოროზია ღებულობს მონაწილეობას ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატების დაშინებაში. პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იბარებენ ჩვენი მოძრაობის წევრებს და აიძულებენ, მოხსნან კანდიდატურა. არჩევნები აქტიურ ფაზაშია შესული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. ამ წუთებშიც ველოდებით პროვოკაციებს...“

ნონა თოლორაია, ალიანსი „საქართველოსთვის“ : „საარჩევნო კამპანია დაიწყო, თუმცა რეგიონს ეს დიდად არ ეტყობა. ჩავერთეთ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში. უკვე დასრულდა კომისიების და კანდიდატების წარდგენა–დარეგისტრირება და ხელს არაფერი გვიშლის, ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. გახშირდა ჩვენი მომხრეების დაშინების ფაქტები. თუ ადრე ხელისუფლება ღიად ატერორებდა ოპოზიციას, დღეს შეცვლილია სტრატეგია და უფრო შენიღბულად მოქმედებენ. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელი შერჩეულია "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რაც ქმნის ეჭვს, რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება.“
[ილია ჩაჩიბაია, ზუგდიდი]

0 Responses to “ლოთი ქობალია: იარაღს თუ არ ავისხამთ, ცხვირ–პირს დავამტვრევთ!”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით