სუდარის ჩამოხსნა ეკლესიიდან
XX საუკუნის 70–იან წლებში საქართველო საბჭოთა კავშირის ერთ–ერთი მოკავშირე რესპუბლიკა იყო. გარეგნულად სუვერენული, თავისუფალი რესპუბლიკა რეალურად მმართველობის მკაცრად ცენტრალიზებული სისტემით ხასიათდებოდა. ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლება – საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახით – მოსკოვთან შეუთანხმებლად ვერც ერთი საკითხის გადაწყვეტას ვერ ახერხებდა. ქვეყანა აშენებდა ე.წ. „განვითარებულ სოციალიზმს“. გაბატონებული იდეოლოგია იყო მარქსიზმ–ლენინიზმი. საზეიმო მსვლელობები იმართებოდა 1 მაისს, მშრომელთა სოლიდარობის დღეს, და 7 ნორმბერს, რუსეთის ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის „ისტორიული“ დღის აღსანიშნავად.
საზეიმოდ აღინიშნებოდა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე 9 მაისი და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიღების დღე, 5 დეკემბერი. ის ადამიანები, რომელთაც ახსოვდათ 1918–1921 წლების საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ან ემიგრაციაში იმყოფებოდნენ, ან 20–50–იანი წლების დაუნდობელ ანგარიშსწორებას გადარჩენილნი, ოცნებასაც ვერ ბედავდნენ თავისუფალ საქართველოზე. საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება ამაყად აცხადებდა, რომ ქვეყანაში დაძლეული იყო „წარსულის მავნე გადმონაშთები“, მოსახლეობის რელიგიურობა. ახალი იდეოლოგიური წნეხის პირობებში გაიზარდნენ თაობები, რომელთა მეხსიერებიდან ცდილობდნენ ამოეშალათ ისტორიული წარსული.
ქართული ეროვნული ცნობიერება, სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ერთგულება; საშუალო სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან განდევნილი იყო საქართველოს ისტორიის სწავლება, ახალგაზრდებისთვის გაუცხოებული იყო XIX-XX საუკუნეების სახელმწიფოებრივი და სარწმუნოებრივი თავისუფლებისათვის მებრძოლ წინაპართა – სოლომონ II–ის, ალექსანდრე ბატონიშვილის, სოლომონ ლეონიძის, ფილადელფოს კიკნაძის, დოსითეოზ ქუთათელის, ექვთიმე გაენათელის, სპირიდონ კედიას, ნოე რამიშვილის, ნოე ჟორდანიას, კოტე აფხაზის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, უწმიდესი ამბროსის, მიტროპოლიტ ნაზარის, ზურაბ ავალიშვილის, გროგოლ რობაქიძის, ვიქტორ ნოზაძისა და სხვათა სახელები. XIX საუკუნის ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა სოციალურ მოძრაობად მოინათლა.
ქვეყანაში გაბატონებული იყო რუსული ენა და იდევნებოდა ქართული, გარუსება – ინტერნაციონალიზმად, ხოლო საქართველოს ისტორიის, ქართული ენის უფლებებისთვის ბრძოლა ნაციონალიზმად ცხადდებოდა. არსებობდა მკაცრი ცენზურა ყველა სფეროში. მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, საბჭოთა პოლიტიკური სისტემის კრიზისი აშკარა იყო. იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ (1953 წლის 5 მარტს), რომელიც საბჭოთა პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის გარანტი იყო 31 წლის განმავლობაში, ვითარება კიდევ უფრო გართულდა.
ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა ხელმძღვანელობამ, ნიკიტა ხრუშჩოვის მეთაურობით, 1956 წლის საგანგებო დადგენილებით დაგმო იოსებ სტალინის პიროვნების კულტი და 20–50–იანი წლების რეპრესიები მხოლოდ მას დააბრალა. ნ. ხრუშჩოვს ამ ნაბიჯით სისტემის გადარჩენა სურდა, მაგრამ მოხდა პირიქით, დაჩქარდა საბჭოთა პოლიტიკური სისტემის ნგრევის პროცესი. 1956 წლის 9 მარტს თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციის ბარბაროსულმა დარბევამ, სისხლიანმა ანგარიშსწორებამ დააჩქარა ქართველი საზოგადოების აზროვნების წესის შეცვლა, გამოაცოცხლა საქართველოს სახელმწიფოებრივი თავისუფლების მივიწყებული იდეა, კომუნისტური სისტემის კრიტიკა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გახდა ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი მიზეზი.
XX საუკუნის 60–70–იან წლებში ეს მოძრაობა საბჭოთა იდეოლოგებმა და მისმა სპეცსამსახურებმა დისიდენტურ (სხვაგვარად მოაზროვნეთა) მოძრაობად მონათლეს. დისიდენტური მოძრაობისთვის საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში მომხდარი ცვლილებები, ახალგაზრდა, განათლებული კათოლიკოს–პატრიარქის მოსვლა იყო დიდი სიხარულისა და იმედების მომცემი, ამიტომ ქართველი მამულიშვილები უყოყმანოდ დადგნენ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია II–ის გვერდით. პატრიარქი შინაგანად ეროვნულ–განმათავისუფლებელი იდეალების ერთგული იყო.
ამის დასტურია საქართველოს საპატრიარქოს არქივში, მისი უწმიდესობის სტუდენტობის დროინდელი საარქივო მასალებში დაცული, ახალგაზრდა მღვდელმონაზონ ილიას მიერ ლამაზად გადაწერილი მემორანდუმის ტექსტი, რომლითაც 1922 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსი ხელაიამ მიმართა გენუის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს. გარდა ამისა, ჩვენი სახელოვანი პატრიარქი ახალგაზრდობიდანვე ხშირად იხსენებდა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ანტონ II–ს: „ახლა თვალწინ მყავს წარმოდგენილი კათოლიკოს–პატრიარქი ანტონ II ერეკლეს ძე. მაგონდება მისი ტირილი და გოდება დაობლებულ საქართველოზე. იგი იმედდაკარგული და დამწუხრებული რწყავდა რუსეთის მიწას თავისი მდუღარე ცრემლებით,“ – წერდა თავის დღიურში მღვდელმონაზონი ილია.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II–ის სიტყვა, დარბაზობაზე თქმული 1977 წლის 25 დეკემბერს, კარგი გზავნილი იყო თავისუფლების იდეალების ერთგული თანამემამულეებისათვის. ასეთ ვითარებაში დაიწყო უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია II–ის მიმართვა, მან სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა. ვითარება იყო მძიმე, მაგრამ არა უიმედო. ამ დროს მცხეთა–თბილისის ეპარქიაში მოქმედი იყო მცხეთის სვეტიცხოველი, სამთავროსა და ოლღას მონასტრები, თბილისის სიონი, ქაშუეთის წმიდა გიორგის, დიდუბის ღვთისმშობლის, კუკიის წმიდა ნინოს, მთაწმინდის მამა დავითის, სამების, ალექსანდრე ნეველის, მიხეილ ტვერელის, იოანე ღვთისმეტყველის, წმიდა ბარბარეს ეკლესიები;
არ ფუნქციონირებდა ანჩისხატის, კარის, ფერისცვალების, წმიდა ნიკოლოზის, მეტეხის ღვთისმშობლის, ვერის ეკლესიები; ნაძალადევში, ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში, ჰიგიენის სახლი (ანაბო) იყო გახსნილი. ეკლესიას არ ჰყავდა მრევლი. თითქმის არ არსებობდა ქართულენოვანი სასულიერო წიგნები, ქართული ხატები, ჯვრები, შემცირებული იყო მგალობელთა გუნდები. წმიდა სინოდის წევრი ექვსი მღვდელმთავრის ასაკი მერყეობდა 70–90 წლებს შორის, ხანდაზმული იყო სასულიერო პირთა უმრავლესობაც. პირველ ხანებში პატრიარქის შემმოსველნი ალექსანდრე ნეველის ეკლესიიდან მოსული რუსი სტიქაროსნები იყვნენ.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილ ხალხს, რომელიც ჯერ მრევლი არ იყო, ასწავლიდა, როგორ უნდა ელოცათ, რომელი ლოცვები უნდა ესწავლათ, როგორ უნდა გადაეწერათ პირჯვარი, რატომ იყო აუცილებელი წირვა–ლოცვებზე ბოლობდე დასწრება, რატომ უნდა დაეცვათ მარხვა, ეთქვათ აღსარება და მიეღოთ წმიდა ზიარება, რატომ ოყო ტაძარში საჭირო სიწყნარე წირვა–ლოცვის დროს, რატომ იყო აუცილებელი ტაძარში სალოცავად მოსული ქალებისათვის თავსაბურავით ყოფნა... ადამიანები გაუბედავად, მაგრამ მაინც მოდიოდნენ ეკლესიაში და ერთფეროვანი ცხოვრებიდან უეცრად სხვა სამყაროში გადმოდიოდნენ, სადაც აფორიაქებულნი სულიერ სიმშვიდეს პოულობდნენ, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულნი იმედით აღივსებოდნენ. საოცარი სანახავი იყო ორშაბათს, სამშაბათს და კვირას სიონის საპატრიარქო ტაძარი. ახალგაზრდები სასოებით შეჰყურებდნენ თავიანთ სულიერ წინამძღოლს. წირვა–ლოცვის დამთავრების შემდეგ ნელა მიუყვებოდნენ ლესელიძის, ერეკლე II–ის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს.
პატრიარქმა პირველ საახალწლო ეპისტოლეში ამ სიტყვებით მიმართა ქართველ ხალხს: „სარწმუნოება – ეს ნათელია მშვიდობის გზაზე, სარწმუნოება თავადაა მშვიდობა და სასოება მარადიული, სარწმუნოება წყარო არის სიყვარულისა, რომელიც ამაღლებს კაცის გულსა და გონებას. იგი ხიდი არის, მიწიდან ცისკენ მიმავალი. დადექით მტკიცედ ამ ხიდზე... ჩვენ სიხარულით ვუჩვენებთ ყველას ამ ხიდისკენ მიმავალ გზას, იმ საქმეთა ნუსხას, რომლებიც უნდა აკეთოს მარადიულობისაკენ ამ ხიდით მიმავალმა ადამიანმა, მივუთითებთ ბედნიერების იმ ჭეშმარიტ წყაროზე, საიდანაც უნდა სვას სულისა და ხორცის მასაზრდოებელი წყალი. დავეხმარებით სულიერი ამაღლების გზით იხილოს ის ნათელი, რომელიც მზისგან კი არ მოდის, არამედ რომლისგანაც მზემ მიიღო ნათელი თავად.“
კომუნისტური იდეოლოგიისაგან სულშეხუთული ხალხისთვის, რომელსაც მიწიერ სამოთხეს ჰპირდებოდნენ, ეს იყო სრულიად ახალი. ადამიანები თანდათან დაუბრუნდნენ თავიანთი წინაპრების მიერ სისხლითა და თავგანწირვით შენარჩუნებულ ქრისტიანულ სარწმუნოებას, ნორმალური მორწმუნეები ჭეშმარიტ მორწმუნეებად გადაიქცნენ. საერო ცხოვრებაში სამშობლო, მისი ისტორიული გმირები, მშობლიური ენა დავიწყებას ეძლეოდა.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქული ეკლესიის მეთაური კი მათი არდავიწყებისკენ მოუწოდებდა მრევლს: „როცა გადავხედავთ ჩვენს წარსულს, გვაოცებს, თუ ამდენ წინააღმედგობაში ვით შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა თავისი ენა, ქრისტიანული სარწმუნოება და კულტურა, როგორ არ მიოსპო ეს ყველაფერი და ვით გაუძლო ჟამთა ჭიდილს. ჩვენი დღემდე არსებობის და სულიერი სიმტკიცის საიდუმლოება ქრისტიანულ სარწმუნოებაში მდგომარეობს... წმიდა ნინო, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, დიდი რუსთაველი, დიმიტრი თავდადებული, სირიელი მამები, თორნიკე ერისთავი; მეფე–მოწამენი: არჩილი და ლუარსაბი; სჯულისთვის თავდადებულნი: დედოფალი ქეთევანი, მღვდელი თევდორე, გმირნი მარაბდელნი, დავით გურამიშვილი, 300 არაგველი, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე; კათოლიკოს–პატრიარქნი: კირიონი, ამბროსი, კალისტრატე და მრავალი სხვა მნათობნი და სვეტნი არიან საქართველოსი... ჩვენ უნდა ვიყოთ გამაგრძელებელნი იმ დიდი საქმისა, რასაც შეეწირნენ ისინი“.
ოფიციალური ხელისუფლებისა და მისი იდეოლიგიისათვის სრულიად მიუღებელი იყო წარსულის, აწმყოსა და მომავლის ასეთი ხედვა. თუ საქართველოს წარსულიდან ამ დიდებული ადამიანების მაგალითებს წინ წამოვწევდით, აღარ რჩებოდა ადგილი იოსებ სტალინის, სერგო ორჯონიკიძის, კამოს (ტერ–პეტროსიანის), ფილიპე მახარაძის, ლევან ღოღობერიძის, მიხეილ კალინინის, სერგეი კიროვის, ალექსანდრე ჟდანოვის, კომპარტიისა და სხვა ბელადთა ცხოვრების შესწავლისათვის, რომელთა შრომებსა და „საგმირო საქმეებზე“ მოგვითხრობდნენ სავალდებულო პოლიტსემინარებზე, კომპარტიის ისტორიის ლექციებზე.
1978 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოში დიდი მღელვარება გამოიწვია საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვამ. ახალ პროექტში, მოსკოვის მითითებით, ამოღებულ იქნა ის მუხლი, რომელიც საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსს აკანონებდა. სხვადასხვა ორგანიზაციებში საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა არსებული პოლიტიკური სისტემის მძაფრ კრიტიკაში გადაიზარდა.
ამ დროს ეროვნულ–გამანთავისუფლებელი მოძრაობის ახალგაზრდული ბირთვი, ზ. გამსახურდიას, მ. კოსტავას, გ. ჟანტურიას, მ. გოირგაძის, თ. ჩხეიძის. ზ. ჭავჭავაძის სახით, სიონის საპატრიარქო ტაძრის მრევლი იყო. ხელისუფლება გრძნობდა, რომ საქართველოში ქართული ენის დასაცავად გამოსული ადამიანების ძლიერი მოკავშირე იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია.
გათენდა 1978 წლის 14 აპრილი. დილის 9 საათზე თბილისის უნივერსიტეტის ეზოში ათასობით სტუდენტი შეიკრიბა და დაიძრა რუსთაველის გამზირისაკენ, მთავრობის სასახლისაკენ, სადაც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესიას უნდა დაემტკიცებინა საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუცია. ახალგაზრდები მოითხოვდნენ ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას. მელიქიშვილის ქუჩაზე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუერთდნენ თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, ინტელიგენციის წარმომადგენლები; ფილარმონიასთან მათ გაარღვიეს მილიციის კორდონი. მეორე წინააღმდეგობა დაძლეულ იქნა რუსთაველის ძეგლთან. ათასობით დემონსტრანტი სკანდირებით – „საქართველო!’ „სამშობლო!“ „დედა ენა!“ – მთავრობის სახლთან მივიდა... ქუჩებში დაძაბულობა იგრძნობოდა, ბრეზენტით გადახურულ მანქანებში სამხედრო ტექნიკა, ჯარი იდგა... უფროსი თაობა ტიროდა. მას ახსოვდა 1959 წლის 9 მარტი და ეშინოდა მისი განმეორებისა...
ვეებერთელა საბჭოთა იმპერიაში ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. მოსკოვი იძულებული გახდა, უკან დაეხია. საქართველოს სსრ კონსტიტუციის 75–ე მუხლით საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ქართული ენა სახელმწიფო ენად დაკანონდა. ეს იყო დიდი გამარჯვება და სიხარული. დემონსტრანტები სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ დაიძრნენ. ამ დროს კი საქართველოს საპატრიარქო (დღემდე დაუდგენელია მიზეზები) ხანძრის ალში იყო გახვეული. ხანძრის შედეგად დაიწვა ვერცხლის ხატი, XVII საუკუნის წმიდა ნინოს ხატი, 4 სამღვდელმთავრო კვერთხი, ბარძიმ–ფეშხუმები, მუხის კანკელი, მაგიდა, სკამები; კათოლიკოს–პატრიარქის – კირიონ II–ის, ლეონიდეს, ამბრისის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემ II–ის, დავით V–ის – სურათები (ორიგინალები). პატრიარქი გადარჩა... მისი უწმიდესობა თითქმის ერთი წელი რეზიდენციის გარეშე იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, კვლავ ჩვეული შეუპოვრობით გაეგრძელებინა საქმიანობა.
საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას 1917 წელს ჰქონდა ოფოციალური საინფორმაციო ორგანო – ჟურნალი „სვეტიცხოველი“, რომელიც მალე დაიხურა. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის – ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, ეფრემისა და დავითის – სურვილი, საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ჰქონოდა თავისი საინფორმაციო ჟურნალი, მრავალი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გამო განუხორციელებელი დარჩა.
1978 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II–ის ლოცვა–კურთხევით, გამოვიდა ფერადი ილისტრირებული ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. თავდაპირველად განზრახული იყო, ჟურნალი ყოველთვიური ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლების მძაფრი წინააღმდეგობის გამო გადაწყდა ყოველწლიურად ორი ნომრის გამოშვება.
ჟურნალს უნდა გაეშუქებინა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორია, წმიდა სინოდის სხდომები, თეოლოგიის, მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობის საკითხები. ჟურნალს აგრეთვე ჰქონდა რეზიუმეები ინგლისურ და რუსულ ენებზე. ოცდაათი წლის განმავლობაში ჟურნალის უცვლელი რედაქტორია ქალბატონი თინათნ კობალაძე. „ჯვარი ვაზისას“ 1978 წლის პირველი ნომერი მთლიანად მიეძღვნა საქართველოს მე–12 საეკლესიო კრებას, უწმიდესი და უნეტარესი ილია II–ის აღსაყდრებას. შეზღუდული ტირაჟის გამო სიონის საპატრიარქო ტაძარში სპეციალურ მაგიდაზე ეწყო ჟურნალის ნომრები და მკითხეველები იწერდნენ მათთვის საინტერესო სტატიებს.
პირველ ხანებში ყოველდღიური ლოცვები, ფსალმუნები მორწმუნე ერს ხელით ჰქონდა გადაწერილი. 1978–1979 წლებში ეს ლოცვები დაიბეჭდა, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ისინი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II–ის, ლოცვა–კურთხევით, 1978–1979 წლებში საეკლესიო კალენდარში იბეჭდებოდა ყოველდღიური ლოცვები და ფსალმუნები. უნიკალური ქართული ანბანი – ასოთმთავრული და ნუსხური – მხოლოდ სპეციალისტებისა და ღვთისმსახურებისთვის იყო გასაგები. ხალხი დაშორებული იყო ძველ ქართულ ტექსტებსა და დამწერლობას.
„ქართველ მრევლში“ იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, – მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ მრევლს, – რომელსაც შეეძლება მედავითნეობა გაუწიოს მოძღვარს... ვთხოვ ქართველ მორწმუნეთ, გამოიჩინოს სიბეჯითე და გულმოდგინება, შეისწავლოს ასომთავრული და ხუცური დამწერლობა, არ მოშალონ ხიდი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის“. სულ მალე ეკლესიებში გამოჩნდა ასომთავრულითა და ნუსხურით დაწერილი ყოველდღიური ლოცვები, ფსალმუნები. ქართველი მორწმუნეებისათვის ასომთავრული და ნუსხური ანბანი ახლობელი და გასაგები გახდა.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, ოფიციალური ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით იზოლაციიდან გამოდიოდა. 1978 წლის 24 ნოემბერს ცნობილმა ქართველმა კონორეჟისორმა რევაზ თაბუკაშვილმა იტალიიდან გადმოასვენა 1911 წელს ქ. ჩივიტავეკიაში სხვის გადასარჩენად ზღვაში დაღუპული დიდი ქართველი მეცნიერის, მიხეილ თამარაშვილის, ნეშტი. 26 ნოემბერს, კვირას, ხელოვნების მუზეუმის დარბაზში გაიმართა სამოქალაქო პანაშვიდი, რომელსაც ათასობით ქართველი დაესწრო. პანაშვიდზე მობრძანდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II.
მისმა უწმიდესობამ დიდუბის პანთეონში წარმოთქმულ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიულად ქართველი ერი და საქართველოს ეკლესია მუდამ ერთად იდგა და ასე იქნება მომავალშიც. ეს იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურის ხალხში გასვლის პირველი წარმატებული ნაბიჯი... ბევრ ადამიანზე პატრიარქის უშუალობამ, სიწმიდემ ისე იმოქმედა, რომ ეკლესიას მიაშურა, სულ მალე სიონის საპატრიარქო ტაძარში გამოჩნდა ქართული ხატები, ჯვრები. უწმიდესის ლოცვა–კურთხევით, მხატვარმა ალექსანდრე ბანძელაძემ დაიწყო დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატვა. 1979 წელს სიონის საპატრიარქო ტაძარში გამოჩნდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, მაცხოვრის, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა კეთილმსახურ თამარ მეფის, წმიდა ქეთევანის, ღირსი მამა იოანე ზედაზნელის, წმიდა მოწამეების – დავითისა და კონსტანტინეს – ახალი ხატები.
1978 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველოში უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II–ის, მოწვევით სტუმრად ჩამობრძანდა ათონის მთის გუბერნატორი, დოქტორი დიმიტრიოს ცამისი, პატრიარქმა ოფციალურ ხელისუფლებას აცნობა, რომ აუცილებელი იყო, საპატიო სტუმარი მიეწვიათ თბილისის უნივერსიტეტში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, სახელმწიფო მუზეუმში.
ხელისუფლება იძულებული გახდა, დასთახმებოდა, რამაც უწმიდესსა და უნეტარესს საშუალება მისცა, შეხვედროდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს, სტუდენტებს, სტუმრისთვის დაეთვალიერებინა საქართველოს ისტორიის კაბინეტი, სადაც შეკრებილებს ესაუბრა საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი მარიამ ლორთქიფანიძე. ხელნაწერთა ინსტიტუტისა და სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლები პირველად შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, რომლისადმი პატივისცემა, სიყვარული და ავტორიტეტი ყოველდღიურად იზრდებოდა ხალხში.
საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ, საერო ხელისუფლების ღინისძიებათა პარალელურად, აღნიშნა იაკობ ხუცესის მიერ წმიდა შუშანიკის წამების აღწერიდან 1500 წლისთავი. პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, დაიწერა წმიდა შუშანიკის ხატი. ეკლესიამ ხელისუფლებას მოსთხოვა, გადმოეცა მისთვის მეტეხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც არის წმიდა შუშანიკის საფლავი და სადაც იმხანად ახალგაზრდული თეატრი იყო განთავსებული.
„ტაძარი ადგილია ადამიანის ეკლესიური კურთხევისა, – აღნიშნავდა მისი უწმიდესობა, – კარიბჭეა მარადიულობისა, სავანეა ღვთისა; აქაური მადლმოსილი გარემო აღაზევებს, აკეთილშობილებს სულს, გაწმენდს და განათავისუფლებს ცოდვებისგან, ტაძარი ოაზისია, რომელშიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალით, ღელვით და ამაოებით დაცლილი სული შინაგან მშვიდობასა და სიწყნარეს პოვებს.“
ოფიციალურმა ხელისუფლებამ რელიგიურ დღესასწაულებს დაუპირისპირა ე.წ. სახალხო „დავით გარეჯობა“, „მცხეთობა“. მთელი დღის გამნავლობაში შეზარხოშებული ხალხი ზურნა–დუდუკის ფონზე წმიდა ტაძრების ეზოებში რაღაცას ზეიმობდა, თუ რას, ვერც ერთი მოზეიმე ვერ იტყოდა. 1978 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი კახეთში გაემგზავრა ალავერდობაზე. ახმეტის რაიონის პარტიულმა ხელმძღვანელობამ სცადა, ათასობით მორწმუნესათვის გზა გადაეღობა, მაგრამ უშედეგოდ. ეს იყო პირველი ალავერდობა, რომლის დროსაც საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი და წმიდა სინოდის წევრები აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. საოცარი ვითარება იყო.
წარმართულ–გახალხურებული დღესასწაული თავის ნამდვილ სახეს იბრუნებდა. ასე მოხდა თელეთში, მცხეთაში, ლომისაზე. ეს იყო ქართველი ხალხის ქრისტიანული რწმენისკენ შემობრუნების რთული, მაგრამ შეუქცევადი პროცესის დასაწყისი. ოფიციალური ხელისუფლების მცდელობა, საქართველოს მართლამადიდებელი სამოციქულო ეკლესია საზოგადოებისგან იზოლირებული დარჩენილიყო, სრული კრახით დამთავრდა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ახალგახრდობას. კომუნისტურ–კომკავშირული პროპაგანდით სულშეხუთულმა ახალგაზრდებმა სულის სიმშვიდე, სამშობლოს ინტერესების დაცვის, წინაპართა ტრადიციების პატივისცემის ძალა ეკლესიაში იპოვეს.
1978 წლის 6 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ოფიციალური დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში ბრუნდებოდა. მოსკოვის აეროპორტში პატრიატრქი ქართულად ხმახაღლა ნათქვამმა სიტყვამ მოაბრუნა. „უწმიდესო, – მიმართა უცნობმა ახალგაზრდამ, დაიჩოქა მის წინ და წერილი გადასცა, – სულ ორი თვე გავიდა თქვენი კურთხევიდან და სასახელოდ გაუძელით დიდ გამოცდას. თქვენი ყოველი წირვა, ყოველი ქადაგება ჩვენს გულს მალამოდ ეცხება. სიონი ჩვენი სულისა და გონების წმიდა ტაძარია, აკადემიაა, რომელშიც ადამიანი არა მარტო გონების საზრდოს იღებს, არამედ – სულიერ საზრდოსაც. თქვენ ხართ ის სულიერი მოძღვარი, რომელმაც ბევრი გზასაცდენილი ადამიანი მოაქციეთ; იმედი გქონდეთ, ქართველი ახალგაზრდები მუდამ მხარში ამოგიდგებით.“ ეს გულახდილი წერილი–აღსარება ადასტურებდა უწმიდესისა და უნეტარესის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯების სისწორეს.
საქართველოს მართლამიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურმა მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო ქართული მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ათეისტურ ეპოქაში აღზრდილ ადამიანებს იგი მინიშნებით ასწავლიდა სასულიერო პირებთან ურთიერთობის ნიუანსებს. უწმიდესი და უნეტარესი ილია II დაესწრო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეტრში სპექტაკლ „შთამომავლობას“. სპექტაკლში შთამბეჭდავი სახე შექმნა დიდმა ქართველმა მსახიობმა ვერიკო ანჯაფარიძემ. სპექტაკლის დასასრულს მისმა უწმიდესობამ დალოცა მსახიობები. აღფრთოვანებულმა ვერიკო ანჯაფარიძემ ასე მიმართა მის უწმიდესობას:
–არც კი ვიცი, როგორ უნდა მოგმართოთ. ჩემთვის განსაკუთრებით ახლობელი გახდით ჩემი დიდი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ (შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ პატრიარქმა დიდ მსახიობს ურჩია, დიდი რწმენა გადაგალახვინებს დიდ მწუხარებასო).
უწმიდესმა დალოცა სუხიშვილების ანსამბლი, ანსამბლი „რუსთავი“...
უწმიდესისა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლების, ქვეყნანაში მოსახლეობის რელიგიურობის გაზრდის ფონზე ოფიციალური სახელისუფლებო სტრუქტურები ფიქრობდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო მათი ანტირელიგიური მუშაობის სტრატეგია და ტაქტიკა. ამ მიზნით რეკომენდაციების შემუშავება დაევალა საქართველოს იდეოლოგიურ მუშაკთა საგანგებო ჯგუფებს, რომელთაც 1979–1984 წლებში შეკრებები გამართეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. გამომსვლელთა უმრავლესობა ცდილობდა, ოპონირება გაეწია საქართველოს ისტორიის საღვთისმეტყველო კონცეფციისთვის, დაეგმო ახალგაზრდობის დიდი ნაწილის ეკლესიისკენ ლტოლვა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შექმნილიყო კომკავშირული შტაბები, რომლებიც საეკლესიო დღესასწაულების დროს ეკლესიებში მოსულ ახალგაზრდებს გამოავლენდნენ და ფართო „ახსნა–განმარტებით სამუშაოებს“ ჩაატარებდნენ. ხელისუფლების მითითებით, სახელმწიფო სამსახურში მყოფ ადამიანებს სამსახურიდან გაშვებით, ხოლო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს – სასწავლებლიდან გარიცხვით ემუქრებოდნენ.
ოფიციალურ ხელისუფლებას საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაზე ზემოქმედების მიზნით შექმნილი ჰქონდა საგანგებო სახელმწიფო სტრუქტურა, საბჭოთა კავშირის რელიგიის საქმეთა კომიტეტი, რომელიც 1943 წელს, ხოლო მისი ფილიალი – საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მართლმადიდებელი ეკლესიის რწმუნებულის თანამდებობა – 1947 წლის 22 აგვისტოს დაფუძნდა მთავრობის დადგენილების საფუძველზე. რწმუნებულთა აპარატს ევალებოდა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობის კოორდინაცია, სასულიერო პირთა აღრიცხვა, მოქმედი ეკლესიების რეგისტრაცია, საბჭოთა კანონმდებლობით რელიგიური ორგანიზაციებისთვის მინიჭებულ უფლებათა დაცვა. რწმუნებულთა სამოქალაქო სამსახურის უკან იდგა საბჭოთა კავშირის უშიშროების განყოფილება, რომელიც მკაცრად აკონტროლებდა ეკლესიის საქმიანობას.
1947 წლიდან 1990 წლამდე საქართველოში რელიგიის საქმეთა რწმუნებულები იყვნენ: კ. ქადაგიშვილი, მ. ბუჯიაშვილი, მ. მექვაბიშვილი, დ. ენუქიძე, დ. შალუტაშვილი, თ. ონოფრიშვილი, გ. მაისურაძე, ა. წიკლაური... 1976–1978 წლებში საქართველოს სსრ რელიგიის საქმეთა რწმუნებული იყო თენგიზ ონოფრიშვილი. ამ დროს საქართველოში ძალაში იყო 1977 წლის 16 მარტს დამტკიცებული დებულება „რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ“. დებულების თანახმად, ახალი ეკლესიის გახსნა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვდა რელიგიური საზოგადოების 20 წევრი. თუ სასულიერო პირს არ ჰქონდა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობა, მას ეკრძალებოდა მღვდელმსახურება.
რწმუნებულთა აპარატი ცდილობდა, სრულიად ეკონტროლებინა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საქმიანობა, დიდი საშემოსავლო გადასახადები დაეწესებინა სასულიერო პირებისთვის, გაევრცელებინა მათთვის არასასურველ სასულიერო პირებზე შეურაცხმყოფელი ჭორები, რათა საზოგადოებას უარყოფოთი განწყობა შექმნოდა მათ მიმართ. რწმუნებულმა თენგიზ ონოფრიშვილმა ვერ მოახერხა ხელისუფლების მოთხოვნების წარმატებით შესრულება, ამიტომ იგი გაათავისუფლეს და ეს მისია გ. მაისურაძეს დააკისრეს.
როგორც მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, იგი 1980 წელს დასწრებია მცხეთის სასულიერო სემინარიაში მისაღებ გამოცდებს და გულისტკივილით გამოუთქვამს: „სამწუხაროდ, წინა წლებთან შედარებით, სემინარიაში მოსული კონტინგენტი ამჯერად გაცილებით უკეთ მომზადებული აღმოჩნდა. მათ შირის არიან უმაღლეს სასწავლებელდამთავრებულნი.“ უკეთესი იქნებოდა, თუ სემინარიაში გაუნათლებელი, საეჭვო წარსულის მქონე ადამიანები ჩაირიცხებოდნენ, რადგან მათ შანტაჟს ხელისუფლება უფრო ადვილად შეძლებდა.
რწმუნებულის დავალებით, მცხეთის მუზეუმ–ნაკრძალის დირექტორმა 1982 წლის იანვარში შიომღვიმის მონასტერში ჩაკეტა მონასტრის წინამძღვარი მამა იოაკიმე ასათიანი. მოვუსმინოთ მამა იოაკიმეს: „მიმდინარე წლის 6 იანვარი იყო, შობის წინა დღე. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ლოცვა–კურთხევითა და ბრძანებით, შიომღვიმის მონასტრისაკენ გავემგზავრე სალოცავად (ამ დროს მონასტერში მე–18 პროფტექნიკური სასწავლებლის ფილიალი ფუნქციონირებდა – ს.ვ.). დღის 15 საათზე მონასრტის გალავანს მივადექი. როდესაც მონასტერში შევედი, კარი მოჯახუნდა. გარედან ვიღაცამ ბოქლომი დაადო. ყვიროდნენ და უშვერი სიტყვებით მლანძღავდნენ. ასე გავატარე მთელი ღამე. გათენდა. ჩემი საყვარელი ეკლესია საპყრობილის მაგივრობას მიწევდა, მციოდა, მწყუროდა, მშიოდა და მიჭირდა გაძლება. პირველის ნახევარზე რაღაც ხმები შემომესმა, ავტეხე ყვირილი, შველას ვითხოვდი.
კართან მოვიდა ვიღაც სამხედრო, როგორც თვითონ მითხრა, ავიაციის მაიორი, რომელიც ცოლ–შვილთან ერთად ამოსულიყო მონასტერში. შველა ვთხოვე. კეთილშობილი ადამიანი აღმოჩნდა და მკითხა, თუ რით შეეძლო ჩემი დახმარება. შევევედრე, თბილისში ჩასულიყო და საპატრიარქოში ეამბნა ყველაფერი. ოფიცერი საკუთარი მანქანით წავიდა. ამასობაში კიდევ ერთი დამთვალიერებელი – დემურ ბობოხიძე – მოვიდა. მასაც ვთხოვე, ჩასულიყო მცხეთაში და ენახა სვეტიცხოვლის მოძღვრები. მალე საპატრიარქოდან მოვიდნენ... მცხეთაში დ. ბობოხიძე მუზეუმ–ნაკრძალის დირექტორთან გაუგზავნიათ, რომელსაც შიომღვიმის ყარაულებისათვის მოკლე, მაგრამ ბევრის მთქმელი წერილი მიუწერია. „აწი კმარა და გაუშვითო“.
რელიგიის საქმეთა რწმულებულები ცდილობდნენ, უხეშად ჩარეულიყვნენ ეკლესიის შიდა საქმეებში. 1986 წლის 21 ნოემბერს რელიგიის საქმეთა რწმუნებული ასეთი შინაარსის წერილს უგზავნის უწმიდესსა და უნეტარეს ილია II–ს: „ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევთ, თქვენი ყურადღება მივაპყროთ რელიგიური კულტურის შესახებ საბჭოთა კანონმდებლობის დარღვევების ფაქტებზე, რომლებიც საკმაოდ მოხშირდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა მხრივ...
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რწმუნებულთა აპარატს საჭიროდ მიაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ აღნიშნულ დარღვევათა უახლოეს ვადაში აღმოსაფხვრელად გაატაროს შემდეგი სახის ღონისძიებანი:
1. აეკრძალოთ ეკლესიათა მღვდელმსახურებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებს, უშუალოდ მიმართონ რესპუბლიკისა თუ საკავშირო ინსტანციებს და აწარმოონ მათთან მიმოწერა რწმუნებულის აპარატის გვერდის ავლით;
2. შეიზღუდოს მღვდლების სხვადასხვა ეკლესიებში გადაყვანა–გადმოყვანა, თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული;
3. მკაცრად აეკრძალოს ყველა ღვთისმსახურსა თუ ეკლესიის წინამძღვარს რელიგიური საზოგადოების საფინანსო–სამეურნეო საქმეებში ჩარევა;
4. მკაცრად იქნეს გაფრთხილებული ყველა მღვდელმთავარი და სხვა კულტის მსახურნი, რათა შეწყდეს არამოქმედ და არარეგისტრირებულ ეკლესიებში სახალხო თუ საეკლესიო დღესასწაულებში მონაწილეობა“...
რელიგიის საქმეთა რწმუნებულის დავალებით, ქუთათელ–გაენათელ მიტროპოლიტ შიო ავალიშვილს ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გელათის ფილიალის თანამშრომლები სასტიკად ეწინააღდეგებოდნენ, რომ ადმინისტრაციული წესით დახურულ ეკლესიაში 8 თებერვალს დავით IV აღმაშენებლის საფლავზე პარაკლისი გადახდილიყო. ასე იყო ყველგან, მაგრამ, მიუხედავად ასეთი დიდი სიყრვილისა, რწმუნებულთა აპარატი ვეღარ ახერხებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოცუქულო ეკლესიის სამოქმედო ასპარეზის შეზღუდვას.რწმუნებულის ერთ–ერთ გულახდილ ჩანაწერში ვკითხულობთ: „მხოლოდ უკიდურესად რეაქციული ეკლესიის მსახურნი, უცხოელ ანტისაბჭოელებთან ერთად, მოითხოვენ, რომ ჩვენს ქვეყანაში რელიგიურ გაერთიანებასა და მათ წევრებს უფლება მიეცეთ, იმოქმედონ ისე, როგორც ეს მათ მოესურვებოდათ.“
ასე აზროვნებდნენ რელიგიის საქმეთა რწმუნებულთა აპარატში.
1980–იანი წლებიდან უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ოფიციალური ხელისუფლებისაგან მოითხოვდა სასულიერო აკადემიის გახსნის ნებართვას. როგორც მისი უწმიდესობა აღნიშნავს, ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია რელიგიის საქმეთა რწმუნებულმა, ბატონმა ანზორ წიკლაურმა.
XX საუკუნის 80–იანი წლების მეორე ნახევრიდან, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის პერიოდში, არაერთხელ დაისვა საკითხი რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატის გაუქმების შესახებ. 1990 წლის 22 აპრილს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ ასეთი დადგენილება გამოსცა: „გაუქმდეს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატი ყველა თავისი ფუნქციით. რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს ყველა საკულტო ნაგებობა გამოცხადდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად.“
უწმიდესი და უნეტარესი ილია II საოცარი მიმტევებლობით და არაჩვეულებრივი მადლიერების გრძნობით ყოველთვის მაგალითს აძლევს ერს. 1995 წელს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე მან აღნიშნა, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატი ეკლესიის შეზღუდვისა და დაჩაგვრისათვის იყო შექმნილი, მაგრამ „არ შემიძლია არ გავიხსენო, – ბრძანა უწმიდესმა, – რელიგიის საქმეთა ორი რწმუნებული: თენგიზ ონოფრიშვილი და ანზორ წიკლაური. თენგიზ ონოფრიშვილი მღვდლის შვილიშვილი იყო, რომლის სურათიც მან ერთხელ საიდუმლოდ მაჩვენა. ანზორ წიკლაურს, რომელიც ახლახან გარდაიცვალა, დიდი წვლილი მიუძღვის თბილისში სასულიერო აკადემიის გახსნაში. ერთიცა და მეორეც ისტორიკოსები იყვნენ და კარგად ესმოდათ ეკლესიის როლი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში“.
[სერგო ვარდოსანიძე, "ახალი7დღე"]
ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები
„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....
ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ
მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....
ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება
ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...
2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO
"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...
შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“
ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...
ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]
ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...
მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]
ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...
0 Responses to “სუდარის ჩამოხსნა ეკლესიიდან”: