.

წინასაარჩევნო "სპეცოპერაცია" მესტიაში

წუხელ, ღამის 12 საათისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, მისი მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის მაჟორიტარი კახა კვიციანი, შინაგან საქმეთა მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი და სამხარეო საფინანსო პოლიციის უფროსი გიორგი შედანია, პოლიციის შეიარაღებულ თანმშრომლებთან ერთად, მესტიის გამგეობას სტუმრობდნენ. გამგეობაში ძალის გამოყენებით მოიყვანეს პარტია "თავისუფლების" მაჟორიტარი კანდიდატები: ვახტანგ და ლერი ნაკანები. ლერი ნაკანს ზეწოლის ქვეშ ხელი სპეციალურად გამზადებულ განცხადებაზე მოაწერინეს, რომლის თანახმადაც, ნაკანი უარს ამბობს კანდიდატობაზე, ხოლო ვახტანგ ნაკანისგან ხელმოწერის მიღება ვერ მოასწრეს, რადგან ამ დროს, კაბინეტში შესულმა ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მისი გამოყვანა შეძლეს.

ნაკანებს კანდიდატურის მოხსნას, სიის წარდგენის დღიდან სთხოვდნენ. ლერი ნაკანი ცნობილი მოკრივეა და მესტიის ამომრჩეველში ავტორიტეტით სარგებლობს.

- "მუქარები მანამდეც იყო, მაგრამ წუხელ სახლში მომივარდნენ, წამიყვანეს გამგეობაში და განცხადება დამაწერინეს. ჩემს შვილს შარშან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა პოლიციასთან და დამემუქრნენ, ხელს თუ არ მოაწერ შენს შვილს დავიჭერთო. შემეშინდა და ხელი მოვაწერე. ეს ხელმოწერა ძალით განხორციელდა და მის ბათილად ცნობას მოვითხოვ," - განაცხადა ლერი ნაკანმა. პარტია "თავისუფლების" სიის მეორე ნომერი, ვახტანგ ნაკანი ამ დროს საფინანსო პოლიციის უფროსს, გიორგი შედანიას ჰყავდა კაბინეტში შეყვანილი და ბიზნესის ჩაძირვით ემუქრებოდა, მაგრამ ამ დროს კაბინეტში ადგილობრივმა ოპოზიციამ შეძლო შეღწევა და მისი კაბინეტიდან გამოყვანა მოახერხა.

როგორც "ალიანსი საქართველოსთვის" მესტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სიის პირველი ნომერი, ნელი ნავერიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, მესტიაში პოლიტიკური ტერორი კანდიდატების წარდგენის დღიდან დაიწყო: - "წუხელ, სახლში იარაღით მიუვარდა, ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი, ანზორ მარგიანი პარტია "თავისუფლების" მაჟორიტარს, ლაშა პირველს და მუქარით განცხადებაზე ხელს აწერინებდნენ, ატყუებდნენ - თქვენი პირველი ნომერი გადადგა და შენც ხელი უნდა მოაწერო, თუ არ მოაწერ, აქ ვერ იცხოვრებ, სულს ამოგაძრობთო. ერთმანეთში, რომ არ დაგვერეკა, მესტიაში რამდენიმე დღეა შუქი გამორთულია, ტელეფონები დამჯდარი გვაქვს. წუხანდელი ღამე მეორედ მოსვლა გვეგონა: პიკაპებით და ჯიპებით ამოგვივარდნენ, უკან იარაღასხმული პოლიციელები მოყვებოდნენ, დახლოებით 40-მდე ავტომანქანა. არ ვიცით, რა მდგომარეობაა სოფლებში წარდგენილ კანდიდატებთან, ვიცით, რომ მათთანაც იყვნენ გასული, მაგრამ ტელეფონები დამჯდარია და ვერ ვურეკავთ.Gგოროზიამ და მარგიანმა აქ წუხელ სპეცოპერაცია ჩაატარა."

წუხანდელი მოვლენების ვიდეოფირზე დაფიქსირება სცადა მე-10 კლასელმა მარი ნაკანმა, რომელიც პოლიციამ შეამჩნია და ძალის გამოყენებით მას ვიდეოკამერა წაართვა. კამერის წართმევის დროს, მარი ნაკანს, მეგობარი არასრულწლოვანი ჯემალ ჯაფარიძე გამოესარჩლა, რის შემდეგაც ჯაფარიძე პოლიციელებმა დააკავეს და მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს: _ "ბიჭი დაიჭირეს და მანქანაში ჩატენეს. წუხელ მთელი ღამე არ გამოჩენილა, ამ დილით მშობლებისთვის ფარული ნომრიდან დაურეკავს, კარგად ვარო. ახლა მშობლები დაწყნარდნენ. ვფიქრობ, უკვე გამოშვებული იქნება. ჯემალის მშობლები კონტაქტზე არ გამოდიან, ალბათ, დააშინეს," - ამბობს “ალიანსის” მესტიის ლიდერი, ნელი ნავერიანი.

წუხანდელი "სპეცოპერაციის" დროს, ლერი ნაკანის გარდა, პარტია “თავისუფლების” კანდიდატებს: მირზა დადვანსა და ივანე გულბანს, სოფელ ცხუმარის ოპოზიციონერ კანდიდატებს: ნუგზარ არღვლიანსა და ვლადიმერ სარღვლიანს მოაწერინეს განცხადებებზე ხელი კანდიდატურის მოხსნაზე.

მესტიაში დღეს დილიდან არ გამოჩენილა საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, ნათია გიგანი, რომელსაც ადგილობრივთა განცხადებით, გუშინ მესტიის გამგებელმა გოჩა ჭელიძემ ტელეფონით დაურეკა და დაემუქრა: - “თუ მე გამგებელად არჩეული კვლავ არ ვიქნები და გონს თუ არ მოეგები, მესტიას ისე არ დავტოვებ, რომ არ გაგამწაროო”.

მესტიის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრის, ლეიბორისტ ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, ნათია გიგანს გამგებელი დღესაც ემუქრება და წუხელ ხელმოწერილი განცხადებების გატარებას თხოვს: - “გიგანი ამ დრომდე საოლქოში არ გამოჩენილა. ამაღამ რა გველის არ ვიცით. შუქს ისევ არ გვაძლევენ, გვეშინია წუხანდელი ღამე არ განმეორდეს. სრულიად დაუცველები ვართ."

ამ დროისათვის ისევ მესტიაში იმყოფება გუბერნატორი გოროზია, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით. მას წუხელ მესტიაში ყოფნის ფაქტი არ უარყვია, მაგრამ მომხდარი უარყო: - "მესტიაში ხშირად ჩამოვდივარ და ეს გასაკვირი არ არის, ახლაც განაშენიანების პროექტისთვის ვარ ჩამოსული, წუხელ ამ პროექტის დეტალებს ვადგენდით. ოპოზიცია რაღაცას გაიძახის, მაგრამ ეს სიმართლეს მოკლებულია," - განაცხადა მან სატელეფონო საუბრისას.
[პაატა ლაგვილავა, "სამეგრელოს ქრონიკა"]

0 Responses to “წინასაარჩევნო "სპეცოპერაცია" მესტიაში”:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით