.

"ნოღაიდელის პარტიაში სერიული მკვლელია!”

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტები ნაღმზე ფეთქდებიან, ტყვედ ვარდებიან, მაგრამ ის, რაც 1993 წლის 28 ოქტომბერს ხობის მოედანზე მოხდა, მსოფლიოში უპრეცედენტო ტრაგედიად ითვლება - ჟურნალისტი საკუთარმა თანამოძმემ დახვრიტა. მართალია, ლოთი ქობალიას ახალი პოლიტიკური ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელი ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდიას მიერ გასარდლებული პურის მანქანის მძღოლი უდანაშაულოა, მაგრამ დათო ბოლქვაძის დის, თამრიკო ბოლქვაძის განცხადებით, ქობალია დამნაშავედ ორმა სასამართლომ სცნო...

საერთოდ, ხობის ტრაგედიაზე არაერთხელ დაწერილა, თუმცა 24 წლის დათო ბოლქვაძის მკვლელობაში, შესაძლოა, ახალი მასალები ამოტივტვდეს. ყოველ შემთხვევაში, თამრიკო ბოლქვაძე, სანდო წყაროზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ მისი ძმის მკვლელობა ვიდეოფირზეა აღბეჭდილი და ეს ფირი გარო-ში ინახება.

საინტერესო ვერსია: თამრიკო ბოლქვაძის თქმით, დათოს დახვრეტიდან ძალიან მალე რუსის ჯარს სამშვიდობო მანდატი მიენიჭა. მოკლული ჟურნალისტი და არაფერს ამტკიცებს, თუმცა ეჭვობს, რომ დათო დიდი პოლიტიკური ინტრიგის მსხვერპლი გახდა. ამ ეჭვს ერთი დეტალიც აძლიერებს: ხობის ტრაგედიის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციებში ითქვა, სამოქალაქო ომმა ქართველები ისე გაამხეცა, ჟურნალისტებსაც აღარ ინდობენო. აქვე, ხაზგასასმელია, რომ დათო ბოლქვაძე მსოფლიო საერთაშორისო ახალი ამბების WTN-ის კორესპონდენტი იყო...

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ გურიაში ჩასულ ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრა დათო ბოლქვაძის ოჯახის წევრებმა მოინდომეს, თუმცა ნოღაიდელის დაცვამ ისინი დარბაზში არ შეუშვა... რატომ? “ქართული სიტყვა” დათო ბოლქვაძის დას, თამრიკო ბოლქვაძეს ესაუბრა.

თამრიკო ბოლქვაძე: - პოლიტიკოსებზე რომ აღარაფერი ვთქვა, იმ ადამიანებმაც, ვისაც პოლიტიკისა არაფერი გაეგებათ, ძალიან კარგად იციან, თუ ვინ არის ლოთი ქობალია. ქობალია მხოლოდ ოდიოზური ფიგურა კი არა, კაცის მკვლელია და ვერავინ დამაჯერებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, როცა ქობალია გვერდით დაიყენა, არ იცოდა, საქმე ვისთან ჰქონდა.

- თამრიკო, მოდი, მოვლენებს ისე შეხედე, როგორც ჟურნალისტმა და არა ისე - როგორც დათო ბოლქვაძის დამ. შენი აზრით, ბატონმა ნოღაიდელმა ლოთი ქობალია, როგორც იტყვიან, ფეისად რატომ გაიხადა?

- ნოღაიდელსა და ქობალიას შორის საოცარი პარალელი არსებობს.

- რას გულისხმობ?

- ზვიად გამსახურდია გროზნოდან საქართველოში სწორედ ლოთი ქობალიას დაჟინებული ჩიჩინით ჩამოვიდა, მაგრამ ქობალიამ მას უღალატა და ტყე-ღრეში დატოვა. სხვათა შორის, გროზნოდან ჩამოსული ზვიად გამსახურდია ქობალიას სახლში ცხოვრობდა, მაგრამ როგორც გამსახურდიას დაცვის ერთ-ერთმა წევრმა მოგვიანებით განაცხადა, ერთ დღეს, ზვიადს თავისი ნივთები სახლიდან გამოტანილი დახვდა. პრეზიდენტმა იკითხა, რა ხდებაო და ქობალიამ უპასუხა, რემონტს ვიწყებო. ამ ეპიზოდიდან დასკვნის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია...

სხვათა შორის, ჩემს სახლში ერთი საინტერესო დოკუმენტი ინახება. ესაა ვიდეო-კასეტა, რომელზეც ქობალიას გვარდიელია აღბეჭდილი. მას წითელი ჯვრის მოპარული მანქანით, ქობალიას გვარდიელების მიერ დახვრეტილი სამხედრო ტყვეების საბუთები, უშიშროებისა და შს სამინისტროების შეუვსები ბლანკები და დათო ბოლქვაძის WTN-ის სისხლიანი მოწმობა აფხაზეთში გადაჰქონდა. იმდროინდელი სამთავრობო ჯარების მიერ დაკავებული გვარდიელი ამბობს, რომ ეს საბუთები, ლოთი ქობალიას დავალებით, აფხაზეთში უნდა გადაეტანა და რუსებისა და აფხაზებისთვის გადაეცა. აქედან ჩანს, რომ ქობალიას რუსებისთვის უნდა ეპატაკა, დავალება შევასრულეო.

- რა დავალება?

- ის დავალება, რომ ზვიად გამსახურდიას უღალატა. ლოთი ქობალია თავის დროზე, ანუ 1995 წელს იგორ გიორგაძემ გრუ-ს ბაზიდან აიყვანა, ანუ ამ კითხვაზე პასუხი თავისთავად გაცემულია. მოგეხსენებათ, სუკი-ს ყოფილი აგენტი არ არსებობს და თუ რუსეთის კა-გე-ბე-ში თავი ერთხელ შეყავი, ბოლომდე ასე დარჩები.

- ქობალიას სასამართლომ შენი ძმის მკვლელობა დაუმტკიცდა?

- დიახ, ორმა სასამართლომ დაუმტკიცა. სხვათა შორის, ერთ-ერთ ჩვენებაში კითხვაზე, თუ რატომ დახვრიტა ჟურნალისტი, ქობალია ამბობს, ბოლქვაძე ისე მომიყვანეს, როგორც დეზერტირიო. თუ დათო დეზერტირი ეგონა, აბა, ჩემი ძმის გასისხლიანებული მოწმობა აფხაზეთში როგორ გადაჰქონდათ? ისე, როგორც ვიცი, საერთაშორისო კონვენციით, დეზერტირის კი არა, ტყვის დახვრეტაც არ შეიძლება... დათო 1993 წლის 9 ნოემბერს დავასაფლავეთ. ერთი კვირის შემდეგ, მამაჩემი ხობში ჩავიდა და მოსახლეობას ჰკითხა, ხომ არ გინახავთ, შვილი ვინ მომიკლაო. დაახლოებით, 50 კაცმა უთხრა, რომ ეს ლოთი ქობალია იყო. ხობელებმა დეტალურად გაიხსენეს, თუ როგორ აჩვენებდა დათო ჟურნალისტის მოწმობას და ყვიროდა, ჟურნალისტი ვარ, არ მესროლოო. როგორ ჩაუვარდა მეგრელი ქალი ქობალიას ფეხებში, ლოთი, ეს ბიჭი დამნაშავე არაფერშია და არ მოკლაო... ქობალიამ დათოს “სტეჩკინიდან” ესროლა. ტყვია დათოს ლოყაში მოხვდა და მოძალადეს სახეში სისხლიანი კბილი შეაფურთხა. ამის შემდეგ ქობალიამ ჩემი ძმა ჩეჩნებს, აფხაზებსა და კაზაკებს გადაულოცა და მათ ბიჭს ავტომატის ჯერი დააცალეს. სხვათა შორის, ახლახანს ქობალიამ რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, ვაღიარებ, რომ ჩემს გვერდით აფხაზები იყვნენ, მაგრამ ეს ის კარგი აფხაზები იყვნენ, რომლებიც საქართველოს მთლიანობის აღდგენაში მეხმარებოდნენო, მაგრამ ესენი ყველაზე პირსისხლიანი აფხაზები იყვნენ, რომლებიც სოხუმში ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ.

- და ეს აფხაზები ქობალიას ხობში რისთვის ჰყავდა ჩამოყვანილი?

- არ ვიცი, ამის შესახებ თავად მას ჰკითხე... კაცი, რომელსაც გვერდით აფხაზური ბატალიონი ედგა, ორი აზრი ხომ არ არსებობს, რომ რუსებთანაა შეკრული?

- “ნაციონალები” ზურაბ ნოღაიდელს რუსების კაცად თვლიან. აქედან გამომდინარე, გამორიცხავ, რომ ქობალიას აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება ჩრდილოეთში იქნა მიღებული?

- ხელაღებით არაფრის მტკიცება არ შემიძლია, მაგრამ თუკი რგოლებს დიდ ჯაჭვად ავაწყობთ, ალბათ, ასეა...

- რა მიიღო ნოღაიდელმა ქობალიას “რეანიმაციით”?

- ნოღაიდელს მიაჩნია, რომ ქობალია მთელ ზუგდიდს აკონტროლებს, მაგრამ იმათ ტვინში ჩამახედა, ვინც დღემდე ზვიად გამსახურდიას საქმის ერთგულია და მის მოღალატეს, ანუ ლოთი ქობალიას მხარს უჭერს...

- თამრიკო, ნოღაიდელის პარტიაში გაწევრიანებისთანავე, როგორც მახსოვს, ქობალიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლქვაძის ოჯახის წევრებს შევხდი და ავუხსენი, რომ დათო მე არ მომიკლავსო...

- ეს ტყუილია! გეტყვი, სინამდვილეში როგორც იყო. სამსახურში მივდიოდი და ტელევიზიის გვერდით, გამგეობის შენობის წინ, ლოთი ქობალია დავინახე. გავშეშდი, რადგან ჩემი ძმის მკვლელი პირისპირ პირველად ვნახე. მოკლედ, ნაბიჯი ვეღარ გადავდგი, მაგრამ როგორც ჩანს, განმგმირავი მზერით ვუყურებდი, ამიტომ, თვითონ მომიახლოვდა და მკითხა, ქალბატონო, ჩემგან რა გინდათო. - შე არაკაცო, ტელევიზიის გვერდით გაჭაჭანებას როგორ ბედავ-მეთქი, - მივუგე. - თქვენ ვინ ხართო? - დაინტერესდა. - ვინ ვარ და, დათო ბოლქვაძის და ვარ-მეთქი. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ ორი მანქანიდან რვა კაცი გადმოხტა და ჯაჭვი დამარტყა. მაშინ დამიწყო მტკიცება, დათო მე არ მომიკლავსო... თუ ქობალია ამაზე ამბობს, რომ თავისი უდანაშაულობა დამიმტკიცა, ეს ძალიან სასაცილოა!..

სხვათა შორის, პეტრე მამრაძემ ერთ ჩემს ახლობელს უთხრა, თავიდანვე ვაპროტესტებდი ლოთი ქობალიას ჩვენს პარტიაში შემოსვლასო...

- პირადად შენ არ გიცდია ნოღაიდელთან შეხვედრა?

- არა, ამას რა აზრი აქვს? კაცს, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა, ოფისში ვეახლო და მორალის კითხვა დავუწყო?

ლანჩხუთში ნოღაიდელი ხალხს ხვდებოდა და დედაჩემი მასთან გასაუბრებას შეეცადა, მაგრამ ამაოდ... საერთოდ, რომელ მორალზეა ლაპარაკი, როცა ნოღაიდელს პარტიაში სერიული მკვლელი ჰყავს?!

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ “პირველი არხის” ჟურნალისტის მოწმობა ვაჩვენე და აღვნიშნე, რომ ჩემი არშეშვებით ნოღაიდელის დაცვა კონსტიტუციას არღვევდა, გურიაში ნოღაიდელთან შეხვედრაზე არც მე შემიშვეს და განმიცხადეს, ეს პარტიული კრებაა და თქვენ მოწვეული არ ხართო. ჟურნალისტებმა სოლიდარობა გამომიცხადეს და დარბაზში შეყვანა დამიპირეს, მაგრამ დაცვამ ისე, რომ კამერებს ვერ დაენახა, წვივში ფეხი ჩამარტყა. ამის შემდეგ, ვანო, ისევ მეკითხები, ნოღაიდელთან რატომ არ მივდივარ?!

- თამრიკო, წეღან საინტერესო ფრაზა ახსენე - “სერიული მკვლელი”. ამით რისი თქმა გინდოდა? ისე, ხელისუფლებასაც არაერთი ახალგაზრდის მკვლელობაში ედება ბრალი...

- სანდრო გირგვლიანის ამაზრზენი მკვლელობა, მართლაც, მტკივნეული იყო, მაგრამ იმ ოპოზიციას, რომელმაც ცხონებული ირინა ენუქიძე დროშასავით ააფრიალა, გვერდით ლოთი ქობალია უზის და მათი მორალი სად არის? დედაჩემმა ზვიად ძიძიგურს ჰკითხა: - ზვიად, როცა სასამართლოზე შენ და ზაურ ბოკუჩავას დახვრეტას გისჯიდნენ, წამოვდექი და ვთქვი, ახალგაზრდები არიან და დახვრეტა არ მიუსაჯოთო. ახლა, თვალებში შემომხედე და პასუხი გამეცი, დარბაზში რატომ არ მიშვებენ? ძიძიგურმა უპასუხა, შევეცდები, მოვაგვაროო და შეტრიალდა. დედაჩემმა მეორე კითხვაც დაუსვა, ქობალიაზე რას მეტყვიო. ძიძიგურმა მიუგო, ქობალიას დათო ბოლქვაძის მკვლელობა არ უმტკიცდებაო.

ყველა ოპონენტს, ვინც ქობალიას იცავს, ვეკითხები: თუ არსებობს პრეცედენტი, რომ განაჩენი ორმა სასამართლომ გამოიტანოს, ძალაშიც შევიდეს და ეს გადაწყვეტილება ვინმემ ეჭქვეშ დააყენოს? თუ ქობალია ახალი გარემოებების მოძებნას დაიწყებს და ვხვდები, ეს როგორც მოხდება...

- როგორ?

- ნოღაიდელს ძალიან ბევრი ფული აქვს, არანაკლები აქვს ქობალიას და შეიძლება, ვინმე მოისყიდონ, ვინც დათოს მკვლელობას დაიბრალებს!.. ისე, საოცარია, ჟურნალისტები ქობალიასთან ციხეში დარბოდნენ, მაცივარი როგორ გიდგას და წნევამ ხომ არ აგიწიაო, თავიანთი დაღუპული კოლეგა კი ნაკლებად ახსოვდათ და დღესაც ასეა... ლუსტრაცია ჟურნალიოსტებსაც სჭირდებათ, რადგან როგორიც ერია, ისეთი ბერია, ანუ როგორიც ერია, ჟურნალისტიკაც ისეთია...

- ...ლოთი ქობალია ზურაბ ნოღაიდელისთვის კომპრომატია?

- რა თქმა უნდა, დიდი კომპრომატია!

- თამრიკო, გარკვეუწლილად, ალბათ, სუბიექტური ხარ...

- ამ კაცში იოტისოდენა სინანული რომ დამენახა, ჩემში ობიქეტურობის უფრო მეტი ხარიხსი იქნებოდა...

- მიუტევებდი?

- ამას ვერ გეტყვი, მაგრამ მის მიმართ სხვა დამოკიდებულება გამიჩნდებოდა, მაგრამ ქობალია ჩემს ძმას, რომელიც თვითონ მოკლა, მარადიორობას აბრალებს და როგორ შეიძლება, მის მიმართ ობიექტურობის განცდა მქონდეს?

- დავუშვათ, ნოღაიდელის გუნდი ქვეყნის სათავეში მოვიდა, რას იზავ?

- ასეთ საქართველოში არ ვიცხოვრებ და პოლიტიკურ თავშესაფარს მოვითხოვ! ნოღაიდელს არანაირი უფლება არ აქვს, პოლიტიკაში იყოს. მისი ხელისუფლებაში მოსვლა საშიენელბა იქნება!..

სხვათა შორის, 2009 წლის გაზაფხულზე თუ ზაფხულში, დედაჩემი ლანჩხუთში იყო. იმ დროს ლანჩხუთში ნოღაიდელიც ჩავიდა და ხალხს ცისფერ მთებს შეპირდა. ამის შემდეგ დედაჩემმა სიტყვა ითხოვა და ნოღაიდელს მიმართა: - მე ჟურნალისტი და დაღუპული ჟურნალისტი დედა ვარ. რამდენჯერმე განაცხადეთ, ქობალიას დათო ბოლქვაძის მკვლელობა არ უმტკიცდებაო და ეს განცხადება რის საფუძველზე გააკეთეთ? ნოღაიდელმა უპასუხა, რომ მცდონოდა, ამ დარბაზში იქნებოდით, სხვანაირად მოვემზადებოდიო. ესაა პოლიტიკოსის პასუხი?

- თამრიკო, საარჩევნო კამპანია დაიწყო და, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ნოღაიდელის წინააღმდეგ შენი გამოყენება რომ დააპიროს...

- ასეთი მცდელობა ადრე არაერთხელ ყოფილა, მაგრამ დათო ბოქლვაძის ტრაგედიას პოლიტიკური ქულების ჩასაწერად არავის გამოვაყენებინებ! მე არც ნოღაიდელის მილიონების მეშინია და არც - ქობალიას ნაძარცვის!
სხვათა შორის, როცა ემოციები ასე თუ ისე დაცხრა და 17 წლის მანძილზე მოპოვებული მასალების პა-სეანსი დავალაგე, ლოგიკური დასკვნა გავაკეთე: დათოს დახვრეტის შემდეგ, რუსებმა სამშვიდობოს სტატუსი ძალიან მალე მიიღეს, ანუ გაერო-ში ითქვა, სამოქალაქო ომის დროს ქართველები ისე გამხეცდნენ, რომ ჟურნალისტებსაც არ ზოგავენ და მათმა სარდალმა უცოხური სააგენტოს ჟურნალისტი დახვრიტაო... როგორც ჩანს, ქობალიამ შეკვეთა მიიღო.

- ვისგან?

- ალბათ, რუსებისგან. მაქვს ინფორმაცია, რომ დათოს დახვრეტის კასეტა არსებობს. არ ვიცი, ვინ იღებდა, მაგრამ როგორც ვიცი, ეს კასეტა გაერთიანებული ერების შტაბ-ბინაშია...

[ვანო პავლიაშვილი

0 Responses to “"ნოღაიდელის პარტიაში სერიული მკვლელია!””:

ვანო მერაბიშვილი საქართველოს ახალი პრეზიდენტი იქნება! - გამოკითხვის სენსაციური შედეგები

„დღეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“ – ამ შეკითხვას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ 535–მა მკითხველმა უპასუხა. გამოკითხვა 3 კვირის განმავლობაში გამოცემის ინტერნეტ გვერდზე მიმდინარეობდა....

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია....

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შავლა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის...

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება...

შალვა ნათელაშვილმა დისკი „გამოუშვა“

ზაფხულში – ნაყინი, ზამთარში – „კოკას“ დამატებული შალვას „ისტორიული ბრიფინგები“. ასეთი არის ხოლმე ნათელაშვილის პრესკონფერენციები. გარდა იმისა, რომ პირველ საათზე დანიშნული ბრიფინგები მათი სავიზიტო ბარათია,...

ინგლისური ენის მასწავლებელი ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლაში (+18) [video]

ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ქვემოთმოცემული ფოტოები გავრცელდა, პედაგოგიური ცენზის არმქონე ტომას ფლეჩერის სამსახურიდან გათავისუფლება ითხოვენ... აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა გადაცემა საზოგადეობრივი მაუწყებლის...

მოსწავლეები პედაგოგის დაპატიმრებას აპროტესტებენ [video]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა,...

ინტერნეტ "გაზეთი" ყველა საავტორო უფლება დაცულია 2110 წელი საქართველო. დაგვიკავშირდით